არასამთავორბო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციებზე დაკავებული ქალების მიმართა არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, 28 ნოემბრის შემდეგომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება. თუმცა აქციების მიმდინაროებისას დაკავებული ან დაზარალებული ქალების ზუსტი რაოდენობა, ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის გამო, უცნობია.
ქალების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე ორი არასამთავრობო ორგანიზაციის - საერთაშორისო გამჭვირვალობისა და საქართველოს ევროპული ორბიტის - წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
როგორც NGO-ები აღნიშნავენ, აქციაზე დაკავებულმა რამდენიმე ქალმა საჯაროდ ისაუბრა მათ მიმართ დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების მუქარის ფაქტების თაობაზე.
- ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით;
- გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისათვის ადგილი ქონდა სპეცრაზმელების მიერ გაუპატიურების აქტის აღწერას უწმაწური სიტყვების გამოყენებით, დაკავების სპეციალურ მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა მათ სიტყვებს.
- აქციაზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების თანახმად, დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალება სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან ადგილი ქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს.
- ერთ-ერთი დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები და ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით;
- აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა თითქოსდა განრიდების მიზნით გაიყვანეს, რის შემდეგაც სცემეს.
"დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ისეთი ქმედებების განხორციელება ან ისეთი ქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომელიც დამამცირებელია, ლახავს თქვენ ღირსებას, მიმართულია თქვენი სექსუალური თუ სხვა ნიშნით შევიწროვებისკენ. წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით.
თუ თქვენს მიმართ ადგილი ჰქონდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ადვოკატს, რომელიც მიმართავს შესაბამის უწყებებს. ადვოკატის არყოლის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ კონფიდენციალურობის სრული დაცვით დაგეხმარებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებში, ასევე, დაგეხმარებით მიიღოთ ყველა საჭირო სარეაბილიტაციო სერვისი", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც დაკავების შემთხვევაში უნდა იცოდეთ:
- თქვენი პირადი დათვალიერება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის წარმომადგენლმა;
- პირადი დათვალიერება არ ხდება ყველას დასანახად, მას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის წარმომადგენელი;
- ვიდეომეთვალყურეობის არსებობისას აუცილებელია თქვენი წინასწარი ინფორმირება;
- პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია თქვენი სრული გაშიშვლება
- პირადი დათვალიერების დროს სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება (ასეთის აუცილებლობისას მაგალითად დაზიანებების შემოწმებისას) ვიდეომეთვალყურეობის კამერების თვალთახედვის არეში არ უნდა მოხდეს
დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას ქალები:
- უნდა განთავსდნენ მამაკაცებისგან განცალკავებით
- ორსული ქალი უნდა განთავსდეს სხვა პირებისგან განცალკავებით
- პატიმრობაშეფარდებული ქალისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები.
დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს უფლება გაქვთ, მოითხოვოთ:
- ადვოკატთან დაკავშირება
- სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება (1481)
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზთან დაკავშირება (199)
ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ.